„ორი ნაბიჯი“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აქტიურად განაგრძობს ქსელის განვითარებას

რამდენიმე დღის წინ „ორი ნაბიჯის“ კიდევ ერთი ახალი მაღაზია გლდანულაში გაიხსნა.

„ორი ნაბიჯი“ 2010 წელს გაიხსნა და საქართველოში ის პირველი კვების პროდუქტების გაყიდვების საცალო ქსელია, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება. ამ დროისათვის კომპანია 82 მაღაზიით თბილისის ყველა უბანშია წარმოდგენილი და მომხმარებელს სახლიდან პრაქტიკულად ორ ნაბიჯზე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მისაღებ ფასად შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

საერთო ჯამში, "ორი ნაბიჯი" მიმდინარე წლის განმავლობაში, სუპერმარკეტების ბაზარზე ყველაზე მზარდი ტემპით გამოირჩევა. 2016 წლის იანვრიდან დღემდე კომპანიამ დამატებით 17 ახალი ობიექტი გახსნა. როგორც „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა გვაცნობა, ახალ წლამდე თბილისში კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის დამატებაა დაგეგმილი, 2017 წლისთვის კი კომპანია განვითარების ტემპით ისევ ლიდერობას გეგმავს.

„გახსნის დღიდან კომპანიამ მიზნად დაისახა, ყველაზე ახლოს ყოფილიყო მომხმარებელთან, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე მისი მოთხოვნილებების უკეთ შესწავლისა და დაკმაყოფილების თვალსაზრისით. კომფორტული გარემო, მისაღები ფასები, სწორად შერჩეული ასორტიმენტი, კარგი მომსახურება და მოსახერხებელი ლოკაციები არასრული ჩამონათვალია იმ უპირატესობების, რის გამოც ასიათასობით მომხმარებელმა უკვე შეიყვარა „ორი ნაბიჯი“, როგორც მათი უბნის მაღაზია,“ - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

„ორი ნაბიჯის“ ხელმძღვანელი რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სტატიასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია "ორი ნაბიჯის" შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. „უფრო მეტიც, კომპანია განაგრძობს აქტიურ და სტაბილურ განვითარებას თავისი მისიისა და მიზნების შესაბამისად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქსელი უფრო მეტად გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ბოლო წლების გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ ბიზნეს მოდელი, რომელსაც ვეყრდნობით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ამ სფეროში.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის ტენდენციებს, მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს და ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ დარგის განვითარებაში. მართვის სისტემების დახვეწა, მომწოდებლებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება და კიდევ უფრო მეტი ლოიალური მომხმარებლის შეძენა 2017 წელსაც ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი იქნება“, - აღნიშნა ავთანდილ წერეთელმა.