კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სიმულაციური სავარჯიშო „სიმექსი“ გაიმართა

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის, გაერო-ს ცენტრალური აზიისა და უკრაინის ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის , სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო Holiday Inn-ში რეგიონში პირველი ფართომასშტაბიანი კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სიმულაციური სავარჯიშო „სიმექსი“ გაიმართა.

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ტრეინინგი მიზნად ისახავდა საქართველოში შესაძლო სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ ფართომასშტაბიან კრიზისულ მდგომარეობაზე დროული, ეფექტური და კოორდინირებული რეაგირების დახვეწას, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული ოპერაციების მექანიზმების გამოყენების პროცედურების შემოწმებას.

„კატასტროფაზე რეაგირების სიმულაციური სავარჯიშოების ჩატარებით გვსურს დავინახოთ, თუ როგორ ვრეაგირებთ კატასტროფებზე ჩვენ ყველანი - საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვაში ჩართული შესაბამისი უწყებების სახით და საერთაშორისო საზოგადოება. გვინდა გამოვავლინოთ ის სფეროები, სადაც კოორდინაციის დონე მაღალია და სფეროები, რომელთა გაუმჯობესებაა საჭირო. ასევე, გავარკვიოთ, თუ რა სახის სავარჯიშოების ჩატარება გვჭირდება მომავალში, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მთავრობის დასახმარებლად“, - აღნიშნა გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა.

როგორც კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნული სავარჯიშოს ჩატარების მიზანი არის შესაძლო ფართომასშტაბიანი კრიზისული მდგომარეობის დროს მთავრობის ერთიანი მიდგომის პრინციპის დახვეწა, ასევე საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმების განვითარება.

სიმულაციურ სავარჯიშო „სიმექსში“ მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, გაერო-ს სააგენტოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.