ინფორმაცია, რომელიც სკანდალს გამოიწვევს: ვის მიმართ ითხოვს საქმის აღძვრას გიორხელიძე ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით?

ეს არის ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე კურსის თამაში მოგების მიღების მიზნით. ვფიქრობ, ამით ჩვენი სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ , - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

გიორხელიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეკონომიკა არ განვითარდება, სანამ კურსი გარკვეულ ფარგლებში არ იმოძრავებს.

„საქმე გვაქვს კლასიკურ ინსაიდერული ინფორმაციის გაცვლასთან, როდესაც ეროვნულ ბანკში სხედან ადამიანები, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას გარკვეულ ჯგუფებს, 2-3 ჯგუფია ალბათ. როგორც ჩანს, მათ დაუგროვდათ... ოპერაციისთვის დოლარები აქვთ და ლარი სჭირდებათ. როგორც კი ოპერაცია გაკეთდება, ლარებში გადაიტანენ და დაასტაბილურებენ იმ წუთში კურსს. ეს არის ჩვეულებრივი ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე კურსის თამაში მოგების მიღების მიზნით. ვფიქრობ, ამით ჩვენი სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ“, - აღნიშნა გიორხელიძემ.

მისივე თქმით, ძირითადი მოთამაშეა ეროვნული ბანკი და მასთან აფილირებული კომერციული 2-3 სტრუქტურა, რომელიც მან უნდა მართოს კანონის შესაბამისად, თუმცა არ მართავს. „დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გვითხრა ისეთი რამ, რომ მგონი მის კეთილგონიერებაში სერიოზულ ეჭვს იწვევს. მოკლე რყევებს ვერ გაუკეთებს თურმე კომენტარს. კურსი გაშვებულია თურმე... და ბაზრის უხილავი ხელი... როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაში, რის თავისუფალ მცურავ კურსზე საუბრობენ, როდესაც გარკვეულ ფარგლებში უნდა მოძრაობდეს კურსი?!”, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე