თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი სამსახურებრივ საყვედურს მიიღებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი სამსახურებრივ საყვედურს მიიღებს.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნინო ბურძენიძემ განაცხადა, აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი.

”თბილისის ბაგა-ბაღები 2012 წელს გამოცემული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით ხელმძღვანელობენ, რომელიც შემუშავებულია ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის მიერ. პროგრამაში გაწერილია ასაკობრივად დიფერენცირებული და ასაკობრივად შერეული ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფისთვის ერთ-ერთი თემაა ”ქორწილი”, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, კონკრეტულად ცეკვის ელემენტების შესწავლას, მუსიკას, ასევე, სხვადასხვა ნიმუშების, საქორწინო აქსესუარების მომზადებას და ა.შ. ხოლო ის, რაც 56-ე ბაგა-ბაღში მოხდა, ცოტა გადაჭარბებული იყო. აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი, თუმცა სააგენტო არ ეთანხმება და აღმზრდელი აუცილებლად მიიღებს სამსახურებრივ საყვედურს”, - აღნიშნა ბურძენიძემ.

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მასწავლებელმა არგუმენტად წარმოადგინა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები" და ქვეპუნქტი: "ქორწილი".