რა ღირს ბინის დაქირავება თბილისის პრესტიჟულ უბნებში

თბილისში ბინის გაქირავება ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესად ითვლება. ზოგიერთ უბანში კი ბინები საკმაოდ მაღალ ფასადაც ქირავდება.

როგორც SAQME-ს რედაქტორმა ლელა არაბულმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ზოგიერთ უბანში ბინის გაქირავების ფასი 2000 დოლარამდეც ადის.

„მაგალითად, საბურთალოზე ერთოთახიან ბინას 250 დოლარზე ნაკლებად ვერ ნახავთ. 3-ოთახიანის ფასი კი 400-დან 800 დოლარამდე მერყეობს. ახალაშენებული ბინები 800 დოლარზე მეტადაც ქირავდება.

რაც შეეხება ვაკეს, ანალოგიურად რომ განვიხილოთ, ერთოთახიანი ბინის ფასი 300 დოლარი ფარგლებშია, ხოლო 3-ოთახიანი ბინის ფასი 500-დან 1200 დოლარამდე მერყეობს.

მარჯანიშვილზე დიდი ზომის ბინები 850-დან 1400 დოლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება იტალიურ ეზოს, ფასები 600 ლარიდან იწყება.

მთაწმინდის რაიონში ძირითადად ძველი ბინებია, რომელთა ფასიც 450 ლარიდან იწყება. ხოლო ცოტა დიდი ფართის მქონე ბინების ფასები 500-დან 1400-მდე დოლარის ფარგლებში მერყეობს“, - განაცხადა არაბულმა.

რაც შეეხება ბინების დღიურად გაქირავებას, SAQME.ge-ზე დაყრდნობით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა, სადაც ფასები 30-40 ლარიდან იწყება, ხოლო დიდი ფართები 70 და 100 დოლარიც ღირს. მარჯანიშვილზე დღიური საფასური 40-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, ვაკეში კი დაახლოებით 80 ლარი ღირს, მთაწმინდაზე კი 35-დან 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ლიკა ამირაშვილი