დავით ნარმანია - „სითი პარკის“ ხელმძღვანელობის ქმედებები და მოსაზრებები საღ აზრს მოკლებულია

„სითი პარკის“ დამფუძნებლები სამჯერ იყვნენ ჩამოსული ჩემთან შეხვედრაზე, თუმცა ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით, რადგან ჩვენმა წინამორბედებმა „სითი პარკს“ კაბალური ხელშეკრულება დაუდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა. როგორც საუბრისას დავით ნარმანიამ აღნიშნა, თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ ხელმძღვანელობას ხელშეკრულებაში გონივრული ცვლილებები შესთავაზეს, მაგრამ საუბარი უშედეგოდ დასრულდა.

„სითი პარკის“ დამფუძნებლები სამჯერ იყვნენ ჩამოსული ჩემთან შეხვედრაზე, თუმცა ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით, რადგან ჩვენმა წინამორბედებმა „სითი პარკს“ კაბალური ხელშეკრულება დაუდეს, რომელშიც ცვლილებების შეტანა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ცალმხრივად შეუძლებელია თუ მათი თანხმობა არ არსებობს. მათი გონივრული და საღი თანხმობა ვერ მივიღეთ. საერთოდ მათი ქმედებები და მოსაზრებები საღ აზრს მოკლებულია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.