თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე რუსთავის N16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.