ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ბაზრის გაზრდის ხელშეწყობისთვის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს და გიბრალტარის საზღვაო ადმინისტრაციებს შორის მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან იუწყებიან, მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების სფეროში წარმატებული რეფორმები გრძელდება, ხოლო აღნიშნული რეფორმების აღიარება სწორედ 10 ნოემბერს გიბრალტარის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებაა.

”აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ბაზრის გაზრდას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გიბრალრატის დროშის ქვეშ რამდენიმე ასეული გემი დაცურავს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კვლავაც განაგრძობს აქტიურ მოლაპარაკებებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საზღვაო სახელწიფოებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო დონეზე შრომითი ბაზრის მაქსიმალური ღიაობა ქართველი მეზღვაურებისათვის”, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ასეთი ტიპის მემორანდუმები სააგენტომ საფრანგეთის, პოლონეთის და იტალიის რესპუბლიკის საზღვაო ადმინისტრაციებს შორის გააფორმა.