სერგი კაპანაძე - ლარის გაუფასურება ხელისუფლების ნაბიჯების შედეგია

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით პოზიცია დაიკავოს და გააკეთოს განცხადებები, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელისუფლების ნაბიჯების შედეგია , - ამის შესახებ სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლარის კურსის გაუფასურების გამოსასწორებლად გამოსავალს ხედავს, რომ უნდა შემცირდეს არათანაბარი ხარჯები, უნდა შემცირდეს შიდა ვალების აღება და ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას მთელ რიგ ფუფუნებსა და არასწორ ხარჯებზე, პრემიებზე, დანამატებზე, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე.

”ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ ხდება ლარის მკვეთრი გაუფასურება. ამას მრავალი მიზეზი აქვს და ყველა მიზეზი დაკავშირებულია ხელისუფლების ქმედებებთან. ამის მიზეზი მხოლოდ ექსპორტის და ინვესტიციების შემცირება არ არის. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ნაკლები დოლარი შემოდის ქვეყანაში და ამას ემატება ხელისუფლების ქმედებებიც. საუბარია იმაზე, რომ ისინი ხარჯავენ ფულს, რომელიც არ გააჩნიათ და იღებენ სესხებს, ანუ ე.წ. შიდა ვალს. შიდა ვალი არის მშპ-ის 42%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰქონია. ისინი ხარჯავენ თანხას რომელიც რეალურად არ აქვთ, ანუ დეფიციტურ ბიუჯეტში ხარჯავენ თანხებს არათანაბრად და ეს არის ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს ლარის გაუფასურებაზე”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ამას ემატება ეროვნული ბანკის ინტერვენცია და შედეგი არის ის, რომ სებ-მა თითქმის 200 მილიონი ლარი დახარჯა.

”ეს ყველაფერი არის არა მხოლოდ საგარეო ფაქტორებით გამოწვეული, არამედ კონკრეტული შედეგი არის იმ პოლიტიკის, რომელიც ხელისუფლებას ბოლო პერიოდში აქვს”, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.