ლევან კალანდაძე - მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში ლარის სერიოზული რყევის საფუძველს ვერ ვხედავ

მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში ლარის სერიოზული რყევის საფუძველს მე ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ  განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის დღევანდელი პრობლემური ტრენდი განპირობებულია იმით, რომ აქტიური ტურისტული სეზონის შემცირების შემდეგ, ქვეყანას შეუმცირდა გარკვეული სავალუტო შემოდინებები.

”ლარის კურსი ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას. ლარის კურსი იცვლება სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება თავად ეკონომიკური მდგომარეობა, რამდენად იცვლება ქვეყნიდან გასული და ქვეყანაში შემომავალი სავალუტო ნაკადები. დღევანდელი გარკვეული პრობლემური ტრენდი განპირობებულია იმით, რომ აქტიური ტურისტული სეზონის შემდეგ, ქვეყანას შეუმცირდა გარკვეული სავალუტო შემოდინებები და ამას დაემთხვა ის, რომ სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით იმპორტიორებს გაეზარდათ მოთხოვნა დოლარზე, რადგან წინასაახალწლო პერიოდისთვის წინასწარ იჭერენ თადარიგს იმპორტიორები საკუთარი სასაქონლო მარაგების გასაზრდელად. ეს ბუნებრივია, ზრდის დოლარზე მოთხოვნას. მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში ლარის სერიოზული რყევის საფუძველს მე ვერ ვხედავ. პირიქით, მგონია, რადგან ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში ჩვენ ველოდებით ერთი მხრივ, დონორი ორგანიზაციებისგან კრედიტებისა და გრანტების შემოდინებას, ეს ნიშნავს ქვეყანაში შემომავალი სავალუტო ნაკადების ზრდას და ბუნებრივია, ეს პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე, მეორე მხრივ, როგორც წესი, დეკემბერში წინასაახალწლო პერიოდში იზრდება ლარზე მოთხოვნა”,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კალანდაძის თქმით, მოთხოვნა იზრდება ერთი მხრივ ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე, ანუ ბიუჯეტის წინაშე შესასრულებელი, მათ ეზრდებათ მოთხოვნა ლარზე ამ ვალდებულებების გადახდის მიზნით და მეორე, იზრდება მოხმარება თავად საზოგადოების და მოხმარება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ხარჯავს მეტ თანხას, ვიდრე ჩვეულებრივ პერიოდში ხარჯავდა ხოლმე და ეს დახარჯვა დაკავშირებულია სწორედ ლარზე მოთხოვნის გაზრდასთან.

”მოკლევადიან პერიოდში მე ველი, რომ ლარზე მოთხოვნა გაიზრდება და შესაბამისად ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დასტაბილურდება. ვნახოთ ვალუტების მასებს შორის თანაფარდობა როგორი იქნება არ არის გამორიცხული, რომ ახალი წლისთვის პირიქით გამყარდეს”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კალანდაძის განცხადებით, არის იმის შესაძლებლობა, რომ 2017 წლის განმავლობაში ფინანსური სტაბილურობის კუთხით, მათ შორის ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით საკმაოდ ნორმალურ ნიშნულზე ვიყოთ.

”რაც შეეხება 2017 წელს, რაიმე ფუნდამენტური რისკფაქტორი, რომელიც შეიძლება ახლა დავინახოთ, რომელიც ლარზე ნეგატიურად იმოქმედებს, ასეთი არ ჩანს. პირიქით მგონია, თუ სწორი პოლიტიკა განხორციელდება, როგორც მონეტარული ისე ფისკალური პოლიტიკა, ანუ თუ საბიუჯეტო პროცესი სწორად დაიგეგმება, სრულიად შესაძლებელია 2017 წლის განმავლობაში, ფინანსური სტაბილურობის კუთხით, მათ შორის ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით საკმაოდ ნორმალურ ნიშნულზე ვიყოთ”, - განაცხადა კალანდაძემ.