”ლარის კურსზე გარკვეული გავლენა მოახდინა იმან, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან წინასაარჩევნოდ დიდი ოდენობით თანხები დაიხარჯა”

ლარის კურსზე გარკვეული როლი ითამაშა იმან, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულად დიდი თანხები დაიხარჯა - ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ სახეზეა ლარის გაუფასურება , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ განმარტა, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში მისმა ოპონენტმა ძალიან დიდი თანხა დახარჯა. მან არ გამორიცხა, რომ ”სხვა ოლქებშიც ოპონენტების მხრიდან ადგილი ჰქონდა თანხების არამიზნობრივ და მათთვის მიზანმიმართულ ხარჯვას, რამაც ლარის კურსზე გარკვეული გავლენა მოახდინა”.

ხუნდაძის აზრით, ლარის კურსზე ასევე გავლენა მოახდინა პოლიტიკური ოპონენტების მიერ შექმნილმა აჟიოტაჟმა.

”ლარის კურსი მერყევია ბოლო პერიოდი. იცით, რომ საგარეო ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმის მიუხედავად, რომ არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს. ვფიქრობ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით გარკვეული როლი ითამაშა სწორედ იმან, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულად დიდი თანხები დაიხარჯა. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ სახეზეა ლარის გაუფასურება, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. მმართველი გუნდი მოახდენს პრევენციას ამ კუთხით და ლარის კურსი მალე დასტაბილურდება”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, განვითარებულ არასახარბიელო მოვლენებზე მთავრობა არის პასუხისმგებელი.