ორგანიზაციები ზვარეში მომხდარ ინციდენტზე „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და პარლამენტს მიმართავენ

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ორგანიზაცია „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციები ღია მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს, რამდენადაც, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტირების მექანიზმი კვლავ არაეფექტურია, ხოლო მეორე მხრივ, სს „საქართველოს რკინიგზა“ უარს აცხადებს პასუხისმგებლობა აიღოს რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების უფლებრივი მდგომარეობის კონტროლზე.

დაპირისპირება კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მუშებს შორის 3 ნოემბერს დაიწყო, რომლის შედეგადაც ფიზიკურად დაშავდა რამდენიმე დასაქმებული და ადგილობრივი მცხოვრები. ინციდენტი 9 ნოემბრისთვის ამოიწურა და მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზვარეში დასაქმებული მუშები, უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი სამუშაო პირობების გამო, სექტემბრის თვეშიც იყვნენ გაფიცულები, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა აეღო ვალდებულება მუშათა ბაზისური შრომითი პირობების გაუმჯობესების თაობაზე.

მიუხედავად მხარეთა შორის მიღწეული რამდენიმე შეთანხმებებისა, აღნიშნული პროტესტის შინაარსი და მუშათა მოთხოვნები, მათი შრომითი ექსპლუატაციის სისტემურობაზე მეტყველებს. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის არაეფექტური მექანიზმებისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობის გათვალისწინებით, ისევ არსებობს დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი, რამაც შესაძლოა კვლავ განაპირობოს მუშათა უფლებების განგრძობადი დარღვევა.

ამასთან, ზვარეში განვითარებულ ინციდენტებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს გააზრებული, რომ შრომითი ექსპლუატაცია არ არჩევს ერთმანეთისგან მშრომელთა სხვადასხვა წარმომავლობასა და ეთნიკურ კუთვნილებას. ამავე დროს, ეკონომიკური და სოციალური უკმაყოფილების „კულტურული დაპირისპირების“ რიტორიკაში მოქცევა და ამ შემთხვევაში ანტი-ჩინური განცხადებები, სწორედ მჩაგვრელი პოლიტიკის სასიკეთოდ მუშაობს, რამდენადაც რასობრივ თუ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებების სახელით რეალური ეკონომიკური მოთხოვნების და სოციალური წინააღმდეგობის გადაფარვა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სახელმწიფოს ჩათვლით, დააზღვიოს პროცესი რეალური პრობლემების თავსმოხვეული საკითხებით გადაფარვისგან. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პარალელურად, სახელმწიფო კომპანიამ, ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა მოახდინონ ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობისადმი მიუღებლობის ცხადად დეკლარირება და დააზღვიონ რეგიონი ეროვნული შუღლის გაღვივების რისკებისგან.

წინამდებარე ღია მიმართვის ხელმომწერები, ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომში მუშათა უფლებების შესაძლო დარღვევაზე, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს და მივმართავთ სს „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს:

მიმართვა სს „საქართველოს რკინიგზას“:

რამდენადაც ზვარეში საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ახორციელებს, რომელიც წარმოადგენს სს „საქართველოს რკინიგზის“ კონტრაქტორ კომპანიას, ამ პროცესებში ცხადად იკვეთება სახელმწიფო კომპანიის სს „საქართველოს რკინიგზის“ პასუხისმგებლობის საკითხი.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის საქმიანობის პროცესში, მათი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის არაერთი ცხადი ფაქტის მიუხედავად, რაც უკავშირდებოდა დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებს და საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს, სს „საქართველოს რკინიგზა“ როგორც ამ სამუშაოების დამკვეთი ორგანიზაცია ცდილობდა სრულად მოეხსნა პასუხისმგებლობა.

სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასა და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის ხელშეკრულება 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ვინაიდან ის „არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს/სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. ისევე როგორც სხვა ათასობით რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიის შემთხვევაშიც, იგი მოკლებულია უფლებას ჩაერიოს მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში.“

ამ განცხადების საპირისპიროდ, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზას“ გააჩნია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტი თვალი ადევნოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სათანადოდ აღსრულების საკითხს, რაც ასევე მოიცავს მშენებლობაზე დასაქმებული მუშების შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის ვალდებულებას. კომპანიის მხრიდან კონტრაქტით აღებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, სს „საქართველოს რკინიგზა“ როგორც სამუშაოების დამკვეთი მხარე უფლებამოსილია კონტრაქტორის მიმართ გამოიყენოს სათანადო ბერკეტები, მათ შორის, კონტრაქტის შეწყვეტის მექანიზმი.

კერძოდ, ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-6 თავი ეხება შრომითი უფლებების დაცვას, რომელიც კონტრაქტორს ავალდებულებს დაემორჩილოს შრომით კანონმდებლობას, აგრეთვე დაიცვას დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამ ვალდებულებათა დარღვევისას, სს „საქართველოს რკინიგზას“ აქვს უფლებამოსილება მიიღოს შესაბამისი ზომები, მათ შორის, შეტყობინება აღმოჩენილი დარღვევების თაობაზე, გაფრთხილება და გონივრული ვადის განსაზღვრა დარღვევათა გამოსწორებისათვის და ხელშეკრულების შეწყვეტა დარღვევათა გამოუსწორებლობისა და კონტრაქტის ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში (ხელშეკრულების გენერალური პირობების მე-17 მუხლის I პუნქტი; ზოგადი პირობების 15.1 და 15.2 მუხლები).

აღნიშნული ხელშეკრულებიდან ცხადად იკვეთება ერთი მხრივ, სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის მხრიდან ქართული შრომის კანონმდებლობის დაცვის ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ სს „საქართველოს რკინიგზის“ ხელში არსებული სამართლებრივი ბერკეტები შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კონტრაქის მეორე მხარეზე შესაბამისი ზეგავლენის მოსახდენად.

მოვუწოდებთ სს „საქართველოს რკინიგზას“:

გამოიყენოს ხელშეკრულების ფარგლებში მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები, მათ შორის, მუდმივად იყოს ინფორმირებული მშენებლობაზე არსებული ვითარების შესახებ;

მის მიერ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები კონტრაქტორის მიმართ და მოითხოვოს დარღვევების გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვიტოს კონტრაქტი დაქირავებულ კომპანიასთან;

ამ საქმეებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მისი ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად გაასაჯაროვოს ინფორმაცია კომპანიის მხრიდან მუშათა შრომითი უფლებების გარანტირების ვალდებულების შესრულებასა და მის მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მიმართვა საქართველოს პარლამენტს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რომელმაც ამ დრომდე არ შექმნა შრომის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რამაც უნდა დააზღვიოს დასაქმებულთა უფლებების დარღვევა სამუშაო ადგილებზე და მოახდინოს ამგვარ შემთხვეებზე ეფექტური რეაგირება.

ზვარეში, მუშათა პირველი პროტესტის შემდეგ, მშენებლობის ობიექტზე ინსპექტირება განახორციელა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტმანეტმა, რომელმაც აღრიცხა დასაქმების ადგილზე არსებული დარღვეები და კომპანიის მიმართ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ლიმიტირებული მანდატიდან გამომდინარე მის მიერ გაცემული რეკომენდაციები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი კომპანიისთვის, რაც არსებული მექანიზმის სისუსტესა და არაეფექტურობაზე მიუთითებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

დაუყოვნებლივ შექმნას შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემა, რომელსაც ექნება სამუშაო ადგილების სათანადო ინსპეტირებისა და დარღვევების გამოსწორების ეფექტური ბერკეტები.

მოვუწოდებთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროვოს ზვარეში, სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მიერ დარღვეების აღმოფხვრისა და რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ”, - ნათქვამია ღია მიმართვაში რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: ,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი'', ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; "სოციალური აზრის ფორუმი"; ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“; მწვანე მუშტი; ქალთა მზერა; თვითორგანიზების ქსელი; ახალგაზრდა მწვანეები; ახალგაზრდა სოციალისტები; თბილისის სოლიდარობის ქსელი; თეთრი ხმაურის მოძრაობა; ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი; Praxis / პრაქსისი; აუდიტორია 115; ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია'' (აფბა); ანალიტიკური პორტალი ,,European.ge''; ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი''; ,,საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი"; ,,საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი GMTU”.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს. ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზვარეში ქართველი მუშების ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს.