წყლის გადასახადი ოქტომბრიდან იმ ბინებზეც დაწესდა, სადაც არავინ ცხოვრობს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, რომელიც საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, ოქტომბრიდან წყლის ტარიფის გადახდის ახალი ფორმა აამოქმედა.

ახალი სისტემით, წყლის გადასახადი - სულზე 3.15 ლარი, იმ საცხოვრებელ ფართებზეც დაირიცხება, სადაც ოფიციალურად არავინ ცხოვრობს. თუ კომპანია ეჭვს შეიტანს, რომ ამ სახლს ვინმე საცხოვრებლად იყენებს და ამის საფუძელი კონკრეტულ მისამართზე მცირე ელექტროენერგიის მოხმარებაც კი გახდება, კომპანია წყლის გადასახადს დაარიცხავს.

როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს ქმედება კომპანიის თვითშემოქმედებაა, რომელიც უსაფუძვლო და უსამართლოა. მისი თქმით, არანაირი წესი, დადგენილება არ არსებობს, რომ ამა თუ იმ მისამართზე ვინმეს ცხოვრების ეჭვის ან ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, ერთ სულზე წყლის გადასახადი დაირიცხოს.

„კომპანიის მიერ შემუშაველი გადასახადის დარიცხვის ახალი სისტემის მიხედვით, თუ კომპანიას გაუჩნდება ეჭვი, რომ ბინაში ვინმე ცხოვრობს, შეუძლია აბონენტს გადასახადი დააკისროს. ამისთვის კი „,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჯერ კომპანია „თელასს“ მიმართავს და იმ შემთხვევაში თუ მისამართზე ელექტროენერგიის თუნდაც მცირე მოხმარება დაფიქსირდა, აბონენტს მყისიერად ერიცხება წყლის გადასახადი,“-აღნიშნავს ვარდიაშვილი.

მისივე თქმით, გადახდის ამ ახალი ფორმის მიხედვით, არსებობს საშიშროება, რომ მომხმარებლები, რომლებიც ორ ან მეტ უძრავი ქონებას ფლობენ, ორმაგად დაიბეგრონ.

„ადამიანს, რომელსაც მაგალითად ორი (ან მეტი) საცხოვრებელი ფართი აქვს, თუმცა მხოლოდ ერთ მისამართზე ცხოვრობს, იმის საფუძველზე რომ მეორე ბინაში ელექტროენერგია აქვს მოხმარებული, წყლის ტარიფის გადახდაც მოუწევს. და ეს განურჩევლად იმისა, მოიხმარა თუ არა წყალი“ - ამბობს ენერგოომბუდსმენი.

ვარდიაშვილი პერსონალურ მონაცემების დარღვევაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ერთმა კომპანიამ ზუსტად დაადგინოს მისამართზე ადამიანთა ცხოვრების ფაქტი და თუ ეს მოხდება, შეიძლება პერსონალურ მონაცემთა დარღვევადაც ჩაითვალოს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

თაია არდოტელი