„ბიზნესმენთა ფედერაცია“ - ფედერაცია ამ დრომდე შენობის გარეშე რჩება

„ბიზნესმენთა ფედერაცია“ ამ დრომდე შენობის გარეშე რჩება, - ამის შესახებ ნათქვამია “ბიზნესმენთა ფედერაციის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „ბიზნესმენთა ფედერაციაში“ აცხადებენ, ფედერაციის შენობა უკვე 8 წელია ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი კომპანიის ხელშია და ბიზნესმენთა გაერთიანებას სრულფასოვანი საქმიანობის განხორციელების საშუალება არ ეძლევა.

”ბიზნესპრესნიუსი” „ბიზნესმენთა ფედერაციის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.

„უახლოეს მომავალში „ბიზნესმენთა ფედერაციის“ ყრილობა გაიმართება, რომელზეც ორგანიზაციის სამომავლო გეგმების და ახალი პროექტების შესახებ გახდება ცნობილი. თუმცა, იმის გამო, რომ ფედერაციის შენობა უკვე 8 წელია ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი კომპანიის ხელშია, ბიზნესმენთა გაერთიანებას სრულფასოვანი საქმიანობის განხორციელების საშუალება არ ეძლევა. ამის შესახებ განცხადებას ფედერაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორი აკეთებს. თამაზ კაპანაძემ უკვე მიმართა წერილით ჩხარტიშვილის კუთვნილი ,,ეს ჯი კომპანის“ დირექტორს მამუკა ღვინიაშვილს და მისგან შენობის დაცლა მოითხოვა.

დავა ფედერაციასა და ჩხარტიშვილს შორის 2008 წელს დადებული შეთანხმების შეუსრულებლობის გამო წარმოიშვა. ბიზნესმენს ფედერაციის კუთვნილი შენობა გერგეთის ქ. 3-ში, უნდა დაენგრია და მის ადგილას მრავალსართულიანი ნაგებობა უნდა აეშენებინა. ამ შენობაში გარკვეული ფართი ბიზნესმენთა ფედერაციას უნდა გადასცემოდა. შეთანხმება ამ დრომდე არ შესრულებულა.

ბიზნესმენთა ფედერაცია 2004 წელს ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით შეიქმნა და მასში 60-მდე ბიზნესმენია გაერთიანებული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც. ფედერაციის შენობა თავის დროზე მათ საერთო სახსრებით შეიძინეს“, - აცხადებენ ფედერაციაში.