”ქუთაისელი მეწარმეების უმეტესი ნაწილი გეგმავს ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას”

საქართველოს რეგიონებში სტანდარტებისა და მეტროლოგიის ცნობადობის ამაღლების შესახებ მორიგი სემინარის ქუთაისის მერიაში გაიმართა. მასში მონაწილეობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოქმედმა მეწარმეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. როგორც  ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, ქუთაისელი მეწარეების უმეტესი ნაწილი გეგმავს ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას. მათივე ინფორმაციით, მეწარმეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩეხი ექსპერტის მეტროლოგიის დარგში და სლოვაკი ექსპერტის სტანდარტიზაციის დარგში პრეზენტაციები. უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე, ასევე, გააცნეს სემინარზე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.

ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის დაფინანასებული პროექტი (,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“) საქართველოს რეგიონებში სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლების სემინარები მეწარმეებისთვის გასულ წელს დაიწყო და თელავში, ფოთსა და ახალციხეში ჩატარდა. სემინარების ჩატარება იგეგმება საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც.