რას პასუხობს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ენერგოომბუდსმენს?

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოქტომბრიდან კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, წყლის გადასახადი იმ ბინებზეც დააწესა, სადაც არავინ ცხოვრობს (ჩაწერილი არაა), რაც ორი ან მეტი უძრავი ქონების მფლობელი ადამიანების ორმაგად დაბეგვრის საშიშროებას ქმნის, წყლის კომპანია პასუხობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ენერგოომბუდსმენის განცხადების გავრცელებისთანავე დაუკავშირდა კომპანიას და მათ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ წყლის ტარიფის გადახდის ახალი ფორმა აამოქმედა, რომლის მიხედვით წყლის გადასახადი იმ ბინებზე დაწესდა, სადაც არავინ ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წესების შესაბამისად, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ მომხმარებლად მიიჩნევა ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარს. კომპანიის ვალდებულებაა, მომხმარებლების უწყვეტი და უსაფრთხო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, ხოლო თავის მხრივ აბონენტების ვალდებულებაა, მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა.

კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო გარკვეული ჯგუფი აბონენტებისა, რომლებზეც არ ხდებოდა მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა. გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული აბონენტებიდან იდენტიფიცირებულ იქნენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც ცხოვრობენ კონკრეტულ მისამართებზე და სხვადასხვა კომუნალური სერვისით სარგებლობენ. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ აბონენტების მიერ ხდება სასმელი წყლის მოხმარებაც და შესაბამისად, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სერვისებით სარგებლობა.

სემეკის წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე სამართლიანია აღნიშნულ აბონენტებს დაერიცხოთ სულადობრივი გადასახადი ერთ სულზე, ვიდრე სულადობის დაზუსტება მოხდება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრინციპით უკვე კარგა ხანია მოქმედებს თბილისის დასუფთავების სამსახური.

აბონენტის მხრიდან მომართვის შემთხვევაში კომპანია მზად არის თითოეული საკითხი ინდივიდუალურად განიხილოს,“- ამბობენ კომპანიაში.