რა მარშრუტზე და როდიდან ივლის ელექტროავტობუსები ბათუმში?

მომავალი წლიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ უთხრა.

მისივე თქმით, საუბარია 10 ერთეულ ელექტროავტობუსზე, რომელიც რუსთაველის ქუჩის გავლით, რკინიგზიდან აეროპორტის მიმართულებით, დაახლოებით 10 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

დუმბაძის თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ვთანამშრომლობთ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD), რომელმაც სესხი უნდა მოგვცეს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს, იქნება ეს ელექტროავტობუსის დამტენების დამონტაჟება თუ ა.შ.,“ - აღნიშნა დუმბაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია ისეთ დეტალებზე საუბარი, როგორიცაა - რა პერიოდში დაიტენება ავტობუსი, რა მანძილის გავლას შეძლებს, რამდენ ადამიანზე იქნება გათვლილი.

დუმბაძე ვერც იმას აკონკრეტებს, თუ რა იქნება პროექტის ღირებულება ან რა დაჯდება ერთი ელექტროავტობუსის შეძენა, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

გარდა ელექტროავტობუსებისა, პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმში "ევრო 5"-ის სტანდარტის დიზელზე მომუშავე ავტობუსებიც გამოჩნდება.

თაია არდოტელი