დავით ნარმანია - სამწუხაროდ, „სითი პარკის“ ინვესტიცია არის მხოლოდ საღებავი და 5-6 ევაკუატორი, რომლითაც ავტომობილები საჯარიმოზე გადაჰყავთ

სამწუხაროდ, „სითი პარკის“ ინვესტიცია არის მხოლოდ და მხოლოდ საღებავი, რომლითაც ისინი ქუჩებს ხაზავენ და 5 თუ 6 ევაკუატორი, რომლითაც ავტომობილები საჯარიმო სადგომზე გადაჰყავთ , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა „სითი პარკთან“ გაფორმებულ კონტრაქტზე.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს შესაძლოა, საუბარი იყოს საკრებულოს დეპუტატებთან „სითი პარკთან“ დაკავშირებით. ნარმანიამ წინა ხელისუფლება კომპანია „სითი პარკთან“ „კაბალური ხელშეკრულების გაფორმების გამო“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„მნიშვნელოვანია, რომ უსაფუძვლო განცხადებები იყოს გამყარებული ციფრებით და არგუმენტებით, როდესაც ბიუჯეტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ 25 მილიონი ლარი გადავუხადოთ „სითი პარკს“, გამოვისყიდოთ მისგან კონტრაქტი ერთი მხრივ და მეორე მხრივ, როდესაც არ არის შესაბამისი ბერკეტები, უმჯობესია პასუხი მოვთხოვოთ იმ ხალხს, რომლებმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს. ასე რომ, საკრებულოს ამ წევრების ადგილას მივუბრუნდებოდი იმ ადამიანებს და პასუხს მოვთხოვდი. როდესაც საკრებულოში მივალთ, მოვუწოდებ მათ, მიუბრუნდნენ თავიანთ კოლეგებს, რომლებმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს თავის დროზე „სითი პარკთან“. დარწმუნებული ვარ, ერთად მოვთხოვთ მათ პასუხს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.