„ქართული დაფნა“ მომავალი წლიდან პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

2017 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვანში მდებარე საწარმო „ქართული დაფნა“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საწარმოს წარმომადგენელმა გრიგოლ ტყეშელაშვილმა უთხრა.

მისივე ცნობით, პროდუქცია მთლიანად საექსპორტოა და უკვე ახალი წლიდან ექსპორტზეც გავა. ქართული დაფნით, ძირითადად, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი არიან დაინტერესებული.

„უკვე ყველაფერი დასრულებულია, დამონტაჟებულია მანქანა - დანადგარებიც, რომელიც უკრაინიდან და თურქეთიდან ჩამოვიტანეთ,“ - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

საწარმოს წარმადობა წელიწადში 250 ტონაა, რის მისაღებადაც ათასი ტონა ნედლეულია საჭირო, რომელსაც საკუთარი, 10 ჰექტარზე გაშენებული დაფნის პლანტაციებიდან მიიღებენ.

ტყეშელაშვილის ცნობით, საწარმო ძირითადად, 2 სახეობის - ფართოფოთლოვან და ვიწროფოთლოვან დაფნას გადაამუშავებს.

საწარმოში 20-30 ადამიანი დასაქმდება. პროექტის ღირებულება მილიონი ლარი იყო.