ნოდარ ხადური სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის უფროსს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის უფროს ლუსია მაკლოჰანთან.როგორც  ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, მხარეებმა განიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

სამინისტროს ინფორმაციით, კერძოდ, საუბარი შეეხო ახალი ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელიც მუშაობას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს და მისი მიზანი იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, როგორც საგადასახადო ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციების გაძლიერება, უწყების საორგანიზაციო სტრუქტურის განვითარება, საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი დახვეწა.

„დონორთა მხარდაჭერით, ტექნიკური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს პროექტის მსვლელობის პერიოდში უცხოელი გრძელვადიანი რეზიდენტი ექსპერტის ჩართულობას, რათა მან ადგილზე, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ქართველ კოლეგებს რეფორმების განხორციელებაში, ასევე, დაგეგმილია სსფ-ის სათავო ოფისიდან კონსულტანტების მოწვევა, ადგილობრივი კადრების გადამზადება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემოთავაზებისთვის, ასევე, დაადასტურა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.