"მომავალი წლის ბიუჯეტში აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო სექტორში ხარჯების შემცირებაზე"

მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება გაკეთებული სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის პრემიების შემცირებაზე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა. კვაჭანტირაძის თქმით, დღეს, გაფართოებული ფორმატით გამართულ შეხვედრაზე ბიუჯეტზე იმსჯელეს და აღინიშნა, რომ სერიოზული თანხები იქნება გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

“მთავარი საკითხი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზადება და საბოლოოდ შეთანხმება სამთავრობო გუნდთან იმ პოზიციების, რომელიც გაგვაჩნია, ასევე იმ გადაწყვეტილებების, რომელიც იქნება განხილული პირველ სხდომაზე და ალბათ დამტკიცებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის საკითხებსაც შევეხეთ, ერთმნიშვნელოვნად, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც იქნება შემოსული განსახილველად, იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყნის ეკონომიკის წინაშე და იმ დაპირებებზე, რომელიც იქნა გაცემული „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.