ქალაქ ოზურგეთში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს გაუმჯობესება დაიწყო

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთან ერთად ქალაქის ყველა ის ბარიერული ადგილი და არასტანდარტული პანდუსი დაათვალიერა, რომელიც ეტლით მოსარგებლეებს გადადგილების პრობლემას უქმნის. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ბეგლარ სიორიძემ პრობლემის გადაჭრის გზებზე ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობასთან და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმსჯელა, სადაც მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც შშმ პირებს ქალაქში გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაუადვილებს.

”გუშინ ლიდერთა სკოლაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შშმ პირთა ადაპტირებული გარემოს საკითხს ეხებოდა, შევთანხმდით, რომ ბარიერულ ადგილებს ერთად დავათვალიერებდით. თამუნა ლურსმანაშვილთან ერთად ვითარებას ადგილზე გავეცანით და მოვინიშნეთ ის ადგილები, სადაც პანდუსების რეაბილიტაციას დავიწყებთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვართ, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაგვიცია, სადაც ადაპტირებული პანდუსის მოწყობა არ იქნებოდა გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, არსებობს ხარვეზები, რომელიც მყისიერად უნდა გამოსწორდეს. ძირითად პრობლემას მაინც ძველად გაკეთებული პანდუსები ქმნის, რომელიც მთლიანად შესაცვლელია. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ქალაქი მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გავხადოთ“, - განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელის ნონა სადრაძის თქმით, ქალაქის მერთან ერთად ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც არასტანდარტული პანდუსების რეაბილიტაციაა შესაძლებელი.

”ძალიან მიხარია, რომ ქალაქში ძირითად ობიექტებთან მისასვლელი პანდუსების რეაბილიტაცია უკვე დაიგეგმა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია”, - განაცხადა სადრაძემ.

ამ ეტაპზე ქალაქის მერია რეაბილიტაციას ,,ლიბერთი ბანკთან “ მისასვლელ პანდუსს ჩაუტარებს. პანდუსები, ასევე, მოეწყობა აფთიაქ PSP- თან და ქალაქის ცენტრალურ სკვერთან.