საქართველო გლობალური მეწარმეობის კვირეულს უმასპინძლებს

ტექნოპარკში დღეს გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიხსნება. ღონისძიებას პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის და მასში მონაწილეობას მიიღებენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ქართული სტარტაპები, სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

გახსნის ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურის ონფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შეეძლებათ მოისმინონ სტარტაპების წარმატების ისტორიები, გაეცნონ მათი განვითარების საფეხურებს, სირთულეებს, პრობლემებსა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს.

სტარტაპებს შორის იქნებიან საინვესტიციო პროგრამა ”სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული გუნდები, რომლებიც თავიანთ პროექტებს დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ.

მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიების მეორე ეტაპი პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომლის თემა სახალხო დაფინანსება იქნება.