რატომ ღებავენ პურს საქართველოში?!

რუხი პურის შესახებ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ხომ არ არის ეს პური ქიმიურად შეფერილი? სპეციალისტები ამბობენ, რომ, მართალია, ბუნებაში არსებობს რუხი ფქვილი, მაგრამ ბევრი საცხობი იყენებს სხვადასხვა დანამატს. ეს დანამატები დღეს დაშვებულია მთელ მსოფლიოში, რათა უფრო გაამუქოს ფქვილი. კერძოდ, დანამატად იყენებენ ფერმენტირებულ ალაოს, ასევე, სხვა დანამატებს, რომლებიც გემოვნური თვისებებს უცვლის პურს.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პური იღებება. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან ჩვენს ქვეყანში ძალზე ცოტა რაოდენობით შემოდის ჭვავის ფქვილი.

უფრო მეტიც, იმის გამო, რომ კილოგრამი შავი ფქვილის ფასი ოთხი ლარია და მისი შემოტანა ძვირი ჯდება, შავი პურის უმეტესობა შეღებილია. უცხოეთიდან შემოტანილი ფქვილის 80% კი ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომელიც ქოლესტერინის სახით ილექება სისხლძარღვებში. ამდენად, პური მარგებელი კი არა, მავნებელი გახდა.

პურთან დაკავშირებული აჟიოტაჟი რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ლიტვური შავი პურის ფოტოებმა განაპირობა. ორფეროვანი პურის გულის დანახვისას მოსახლეობამ იფიქრა, რომ ლიტვური პური შეღებილია და მისი დამზადების "მაღალი ტექნოლოგიის" შესახებ ცნობები არადამაჯერებელია. ამას მოჰყვა ლიტვური საცხობის საგანგებო განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ ლიტვური პური არ იღებება და წარმოების პროცესში, ცომის საჭრელ-დანადგარში თეთრი და რუხი ცომის ერთმანეთთან შერევამ და მზა პროუქტი ორფეროვანი შიგთავსის წარმოქმნამ მომხმარებლის ამაო შეშფოთება გამოიწვია. ამასთან, ლიტვურმა საცხობმა ნებისმიერ კვლევით ცენტრში პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის მზადყოფნა გამოთქვა.

თბილისის პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ლიტვური პურის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან არ სურს მათგან უარყოფითი რეაქცია წამოვიდეს, მაგრამ დაასტურებს, რომ საქართველოში მასობრივად არის შემოტანილი დანამატები. გერმანიიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, ირანიდან, თურქეთიდან შემოტანილი დანამატები ჩვენს საბაჟოს გაივლის და ამის შემდეგ ყიდიან ამ დანამატებს.

შემდგომში უკვე დანამატებს პურის წარმოების პროცესში იყენებენ და ოფიციალურად დაშვებულ ამ დანამატებს შორის ზოგი ფერმენტირებულია, ნატურალურია, ზოგი კი ჭვავის ფქვილია.

მისივე თქმით, ეს დანამატები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ასეთ პურს მიირთმევენ უცხოელებიც. ამდენად, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. მათთვის კი, ვისაც პურის ხარისხი არ მოსწონს, მალხაზ დოლიძის რეკომენდაცია ასეთია: "მაშინ გააკეთონ სახლში თონე და იქ გამოაცხონ პური, თორემ 1200 საცხობია თბილისში და მათ მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ".

"რამდენი საცხობი გაიხსნა დღეს საქართველოში - ავსტრიული, გერმანული, ლიტვური, უნგრული, ჩეხური, უკრაინული, ლაზური. ყველას თავისი ტექნოლოგია აქვს. სტანდარტები რომ იყო საბჭოთა კავშირის დროს, ასე აღარ არის. ახლა სტანდარტს თვითონვე შეიმუშავებენ თავიანთ წარმოებაში და თვითონვე აცხობენ. თუმცა პური ერთადერთი პროდუქტია, რომელიც, სურსათის უვნებლობის თვალსაზრსით, რისკჯგუფს არ მიეკუთვნება. პური 230 გრადუსზე ცხვება და იქ ყველა მიკრობი მკვდარია. რაც შეეხება რუხ პურს, ის დიაბეტიანებმა უნდა მიირთვან, რადგან ნახშირწყალი მასში ნაკლებია.

ჩემს ქარხანაში შავი პური არც გამომიცხვია, ვაცხობ მხოლოდ რუხ და თეთრ პურს. შავ პურს იმიტომ არ ვაცხობ, რომ არასდროს მიხმარია ეს დანამატი. ხოლო რუხ პურს რად უნდა დანამატი? რუხი ფქვილი რამდენიც გინდათ, იმდენია. წისქვილებს მოჰკითხეთ, შავი ფქვილი კი ნაკლებად არის, უფრო ძნელი საშოვარია.

შეღებილი რუხი პური მე არ მინახავს. შავ პურთან დაკავშირებით კი უფრო შემიძლია ვთქვა, რომ ის ბუნებრივად გაშავებული არაა", - გვითხრა მალხაზ დოლიძემ.

ამათან, განმარტა, რომ თეთრ პურს არ სჭირდება დანამატი. უბრალოდ, თეთრი პურის ცხობისას ფერმენტებს იყენებენ, რადგან სწრაფი ტექნოლოგიური პროცესი საჭიროებს ფერმეტის გამოყენებას. ცხობის პროცესში უნდა მოესწროს და ფრუქტოზა გლუკოზად გადაიქცეს, აქ კი უკვე ბიოქიმიასთან გვაქვს საქმე.

"ექსპერტიზა+"-ის პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენელი მზია ხარაძე აცხადებს, რომ ყველაფერი შემოტანილი უხარისხოა. ზოგს შენახვის ვადა აქვს გასული, ზოგი კი უვარგისია. თუმცა პურის ხარისხზე ანალიზის ჩატარების გარეშე ზეპირად საუბარი არ შეიძლება.

"არის შემთხვევა, როცა ნამდვილად ცუდია პური და არის შემთხვევა, როცა შესანიშნავია. პურის ხარისხი იმ შემთხვევაში მოწმდება, თუკი ეს მეწარმის სურვილია. რამდენი ხანია, არავის აღარ მოუტანია შესამოწმებლად პური. ალბათ, იმიტომ, რომ ადრე შემოტანილ ამ პროდუქტთან დაკავშირებით ჩემი დასკვნა უარყოფითი იყო, რადგან ნაწლავის ჩხირი, სალმონელა იკვეთებოდა.

ალბათ, არ მოსწონდათ ჩემი უარყოფითი პასუხები და ერთი წელია, ჩემთან პური შესამოწმებლად აღარ შემოსულა. ვერ ვიტყვი, ფერმენტების გამო რუხი პური უფრო საშიშია თუ თეთრი. გააჩნია ნედლეულს, ხომ არ არის გასული შენახვის ვადა. შეიძლება ყველა პირობა დაიცვან, მაგრამ შემოტანილი ფქვილი იყოს საზიზღრობა", - აცხადებს მზია ხარაძე და განმარტავს, რომ კონკრეტული მეწარმის შიდა სტანდარტში წერია, რუხ პურს უკეთდება დანამატი, თუ ჭვავისგან მზადდება. თუმცა ფერმენტზე საუბარიც ზედმეტია, როცა რუხი პურის დასამზადებლად ზოგჯერ საღებავებსაც იყენებენ.

ექსპერტის თქმით, მართალია, თეთრი პური შეღებვას არ საჭიროებს, მაგრამ შეიძლება შემოიტანონ ისეთი ფქვილი, რომლის შენახვის ვადაც გასულია და ასეთი ფქვილი უნდა განადგურებულიყო. ამიტომ სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს პურის შემოწმება.

ელენე ციგრიაშვილი

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"