გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, ახალი ტიპის სკით დაინტერესდეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა Flow Hive-ის (სრულიად ახალი ტიპის სკა) იდეით დაინტერესდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოპარკში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მან და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტექნოპარკი მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, რადგან იქ იბადება საქართველოს მომავალი და წარმატებით ხორციელდება არაერთი საინტერესო იდეა.

გიორგი კვირიკაშვილმა ინოვაციური პროექტების შესახებ ისაუბრა და რამდენიმე მაგალითი დასახელა, მათ შორის, ახალი თაობის "სმარტ საათი", რომლის შექმნის იდეამ, crowd financing-ით 12 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა; ასევე - 2015 წლის იდეამ Flow Hive - crowd financing-ით, ინტერნეტის საშუალებით, 13 200 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. Flow Hive არის სრულიად ახალი ტიპის სკა, რომელიც ფუტკრების დაზიანების გარეშე თაფლის გამოწურვის საშუალებას იძლევა. მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნობის სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაინტერესდეს ამ იდეით, რადგან ის, შესაძლოა, საქართველოში მეფუტკრეობისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს.

"ჩვენ, შეიძლება, დავიწყოთ მცირე მასშტაბებით, მაგრამ ის, რომ ჩართულობით ახალი საინტერესო იდეები დავაფინანსოთ, ეს იქნება ძალიან მისასალმებელი და საშური საქმე საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გლობალური მეწარმეობის კვირეულს დიდ დახმარებას აღმოუჩენს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და დღეს უკვე საქართველოში, სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი პროექტებით დაფინანსებული ათობით "სტარტაპ ბიზნესის" მესვეურია. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიმართულება გაგრძელდება და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა გაიზრდება.

საქართველო, მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად, გლობალური მეწარმეობის კვირეულს მასპინძლობს. გლობალური მეწარმოების კვირეულის გახსნას 200-მდე მეწარმე დაესწრო. მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომელიც მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, რომლებსაც პრემიერმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.