ოქტომბერში ბენზინისა და დიზელის იმპორტი 19,5 ათასი ტონით გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 115,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 19,5 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბენზინის საწვავის იმპორტმა 56,7 ათასი ტონა შეადგინა (კლება 0,8 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 58,9 (მატება 20,3 ათასი ტონით) ათასი ტონა: ”საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 38,8 ათასი ტონა ანუ 68,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 16,8 ათასი ტონა ანუ 29,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,1 ათასი ტონა ანუ 2,0%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 52,5 ათასი ტონა ანუ 89,1%, L-62 დიზელის საწვავი - 6,4 ათასი ტონა ანუ 10,9%.” - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქვეყნების მიხედვით, 2016 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, 25,6 ათასი ტონა, რუმინეთიდან განხორციელდა - რაც მთელი იმპორტის 22,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 24,6 ათასი ტონა (21,3%), აზერბაიჯანი - 21,4 ათასი ტონა (18,5%), თურქმენეთი - 19,0 ათასი ტონა (16,4%), რუსეთი - 14,1 ათასი ტონა (12,2%), საბერძნეთი - 5,0 ათასი ტონა (4,3%), იტალიიდან - 4,9 ათასი ტონა (4,2%), უკრაინა - 1,0 ათასი ტონა (0,9%).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა დაიკლო: ”მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში 6,5 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განცხორციელდა, რაც 4,1 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. სულ 2016 წლის 10 თვის განმავლობაში ბიტუმის იმპორტმა 91,8 ათასი ტონა შეადგინა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2016 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 7,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,9 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით,” - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.