2016 წლის III კვარტალში საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 80 სასაკლაო ფუნქციონირებდა

2016 წლის III კვარტალში საქართველოში 80 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის III კვარტალში საქართველოში 80 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17,5% მდებარეობს ქვემო ქართლში, 17,5% - იმერეთში, 15,0% - შიდა ქართლში, 15,0% - კახეთში, 11,3% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 23,8% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 77,1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 57,9% მსხვილფეხა, ხოლო 42,1% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ 2780,6 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოების მიერ 2016 წლის III კვარტლის განმავლობაში 9486,4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39,9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41,9% - ფრინველის, 17,2% - ღორის, 1,0% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,01% - სხვაზე. მომსახურება გაეწია 20,3 ათას პირს, საიდანაც 20,2% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 797 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 24,1 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 23,4 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის III კვარტალში საქართველოში 33 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (36,4%) და თბილისში (33,3%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 15,2% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებს:

2016 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 5441 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია, 358 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 989 კაცი შეადგინა.

2016 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 78,9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 55,9%-ი ქათმის ხორცი ( გაყინულის ჩათვლით), 22,3% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7,7% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის III კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 2,8 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,9 მლნ. ლარი შეადგინა. 2016 წლის III კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 25,6 მლნ. ლარის ღირებულების (6.7 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (60,5%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 95,5% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას თევზეული (34,1%) და ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათლით) წარმოადგენდა (29,1%). სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ძირითადად ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული (60,1%). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 70,6%-ს, აგვისტოში - 69,4%-ს, ხოლო სექტემბერში - 62,8%-ს.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის III კვარტალში საქართველოში 35 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (65,7%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 17,1% ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 5,7% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 5,7% - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენები სხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

2016 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 41 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 97 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 941 კაცით განისაზღვრა.

2016 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 289,4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 89,9%-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, კარტოფილი, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2016 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 39,0 მლნ ლარის ღირებულების 63,2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 65,4% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 50,6%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 48,2%-ს, აგვისტოში - 49,5%-ს, ხოლო სექტემბერში - 44,1%-ს.