დაზარალებული მეანაბრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კომპანიას 30 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს მეანაბრეებისგან მიღებული. აქციის მონაწილეების განცხადებით, უმეტესობას საფინანსო კომპანიაში ანაბრის სახით 18 000 დოლარამდე თანხა აქვთ შეტანილი. მეანაბრეების ნაწილი კუთვნილი თანხის მთლიანად დაბრუნებას ითხოვს.

მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარებით დაინტერესდეს. მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადებაც დაწერეს.

„ჩვენ აქციის მონაწილეები რამდენიმე თვეა ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას. მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი საქმიანობის საფუძვლიანი შესწავლა და ჩვენი კუთვნილი თანხების დაბრუნება. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები გახდება უფრო მასშტაბური და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საფინანსო კომპანია „საქართველო“ ფინანსურ ბაზაზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

კომპანიის ძირითად საქმიანობას სესხების აღება, გაცემა და სალომბარდე მომსახურება წარმოადგენს.