სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა

სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშული პროექტის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.

განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

როგორც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს - სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს სათანადო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები შეასრულა შპს „ბლექ სი გრუპ“-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები.

„2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აღნიშნული კონტრაქტი, მართალია, უკვე გაფორმებული დაგვხვდა, თუმცა ის განწირული იყო მოსაშლელად. პროექტი დადებითი შედეგით მხოლოდ იმ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რომელიც სახელმწიფომ კომპანია „ბლექ ქსი „ბლექ ქსი გრუპთან“ გააფორმა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარაჯიშვილების აღდგენილ მამულში შესაძლებელია გამოფენების მოწყობა. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მცირე სასტუმრო, რომელიც მზადაა პირველი სტუმრები მიიღოს.

სარაჯიშვილების მამულის პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია დაიხარჯა და 10-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.