გლდანის რაიონის გამგეობამ შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგება დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგება დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, რაიონის მასშტაბით, 100-მდე ოჯახს შეშა უკვე მიუტანეს.

”ვცდილობთ შეშა მოსახლეობას მაქსიმალურად ოპერატიულად მივაწოდოთ. 100-მდე ოჯახმა უკვე მიიღო შეშა. პროცესი გაგრძელდება და მომართვების საფუძველზე, შეშით სხვა ოჯახებიც ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან’’, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, თვის ბოლომდე, მოთხოვნის შესაბამისად, შეშას გლდანში, მუხიანსა და ავჭალის დასახლებაში მცხოვრები 400-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.

”შეჭირვებული ოჯახები გამგეობისგან სხვა სახის დახმარებებსაც იღებენ. კერძოდ, ხდება მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა; უფინანსდებათ სამედიცინო გამოკვლევები, ოპერაციები და სხვა სახის მკურნალობა; ხდება მათთვის ბინის ქირის კომპენსაცია. გარდა ამისა, შეჭირვებულ ადამიანებს, რაიონის მასშტაბით, 9 უფასო სასადილოთი სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.