„კაპიტალ ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს „კაპიტალ ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, სს „კაპიტალ ბანკის“ შემოწმების პროცესში გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების დარღვევის ფაქტები.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ლიკვიდაციის პროცესში სრულად დაკმაყოფილდება კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები.

ეროვნული ბანკი ასევე ლიკვიდატორის განცხადებასაც ავრცელებს. ”იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სს „კაპიტალ ბანკის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია,ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკი მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. თანხების უნაღდო ანგარიშსწორებით მიღების სურვილი შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა.” - ნათქვამია განცხადებაში