საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები აქციას მართავენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები ეროვნული ბანკის წინ აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რადგან აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათ სიტუაციასთან დაკავშირებით ვერავინ გასცა კომპეტენტური პასუხი.

აქციის მონაწილეების თქმით, 2 საათია აქცია მიმდინარეობს, თუმცა ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მათთან შესახვედრად არ გამოსულან. დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა ბანკმა ხელოვნურად შეუწყო ხელი საფინანსო კომპანიის გაკოტრებას და ისინი ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან კითხვებზე პასუხს ელოდებიან. მათივე თქმით, ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდნენ, სადაც დაზარალებულებს განუცხადეს, რომ მათი საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ კონკრეტულ პასუხს ვერც ერთი უწყება ვერ სცემს და ისინი სახელმწიფო უწყებებს დროის ხელოვნულ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. ეროვნული ბანკის შენობის წინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.