საკრებულოს დღეს თბილისის ბიუჯეტის პროექტი წარედგინება

თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღეს, დღის ბოლომდე წარედგინება. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით იქნება განსაზღვრული. დავით ნარმანიას ინფორმაციით, ქალაქის მერია საბოლოო კონსულტაციებს საკრებულოს უმრავლესობასთან დღეს დაასრულებს.

”მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული რესურსების პირობებში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის საჭიროებები, რაც ქალაქში არსებობს როგორც კეთილმოწყობის, ასევე ინფრასტრუქტურის და სოციალური კუთხით.

ბიუჯეტში უცვლელი პრიორიტეტები იქნება განწვანება, საბავშვო ბაღებზე ზრუნვა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ბიუჯეტი მაქსიმალურად ერგება დედაქალაქის საჭიროებებს”, -განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა საკრებულოს ოპოზიციის ჩართულობა კონსულტაციებში და შემცირდება თუ არა ადმინისტრაციული ხარჯი ბიუჯეტში, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ რაციონალური წინადადება, რომლის ასახვაც ბიუჯეტში შეიძლებოდა, მან ოპოზიციისგან ვერ მოისმინა.

”ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან რაიმე რაციონალური წინადადება ვერ მივიღე ამ 2 წლის მანძილზე, რომლის ასახვაც შეიძლებოდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ჩვენ 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დავზოგეთ ხარჯები, „შემოვიჭირეთ ქამრები“, რასაც ცალკეული სამსახურების გაუქმება, ასევე დანამატებისა და პრემიების შემცირება მოჰყვა”, -განაცხადა დავით ნარმანიამ.