NDI - „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანი შემოწირულობების 66% მიიღო და ჯამურად ყველა სხვაზე მეტი დახარჯა

გარემო არათანაბარი იყო იმ კუთხით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანი შემოწირულობების 66% მიიღო და ჯამურად ყველა სხვაზე მეტი დახარჯა , - ამის შესახებ ნათქვამია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საბოლოო ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.

„ყველა მთავრობის პირობებში ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან საკითხად ფულის როლი რჩება. გარემო არათანაბარი იყო იმ კუთხით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანი შემოწირულობების 66% მიიღო და ჯამურად ყველა სხვა პარტიასა და კანდიდატებზე მეტი დახარჯა. საქართველოში სახელისუფლო პარტიის კამპანიის ღონისძიებებზე საჯარო მოხელეების დასწრების და მისთვის ხმის მიცემის იძულების დიდი ხნის ისტორია არსებობს. გამონაკლისი არც ეს არჩევნები აღმოჩნდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დააფიქსირა „ქართული ოცნების“ კამპანიის ღონისძიებებზე საჯარო მოხელეების მასშტაბური მობილიზება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებს არასამუშაო საათებში კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო გამიჯვნის არარსებობა კანონში კამპანიის დროს სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის პარამეტრების დადგენის საჭიროებაზე მიუთითებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

NDI-ის რეკომენდაციების მიხედვით: პარტიის ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ კამპანიის ფინანსური ტრანზაქციების გამჭვირვალობა, უარი თქვან ისეთი კერძო, კორპორატიული ან უცხოური რესურსების მიღებასა და გამოყენებაზე, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს და სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან; არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა და სამთავრობო უწყებებმა, შესაძლებლობების ფარგლებში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორც დეკლარირებულ, ასევე არადეკლარირებულ ფულად ნაკადებს მონიტორინგი უნდა გაუწიონ; უნდა გატარდეს ადმინისტრაციული რეფორმები ადგილობრივ დონეზე, მათ შორის კანონით საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვებისგან უკეთესი დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ზეწოლის თავიდან ასაცილებლად; საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო მოხელეების ჩართულობის რეგულირებისთვის უფრო მკაცრი ზომები უნდა იყოს გათვალისწინებული და უნდა მოხდეს არჩევნების პერიოდში პირადი მონაცემების დაცვის რეგულაციების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოძიება.