მიხეილ გიორგაძე - Aerosmith-ის კონცერტს Black Sea Arena აფინანსებს

Aerosmith-ის კონცერტს საქართველოში Black Sea Arena თავისი საოპერაციო ბუჯეტიდან აფინანსებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, Black Sea Arena-ს იმ სააგენტოსთან აქვს ურთიერთობა, რომელთან ერთადაც წლევანდელი პროექტები გააკეთა.

”თავისი საოპერაციო ბიუჯეტიდან აფინანსებს დარბაზი, რამდენადაც მე ვიცი. კულტურის სამინისტრო ამაში ჩართული არ გახლავთ. ის პროექტები, რომლებიც Black Sea Arena-მ გააკეთა წელს, ვგულისხმობ ქრისტინა აგილერას და Scorpions-ის კონცერტებს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იგივე სააგენტოსთან აქვს ურთიერთობა. მე პირადად ძალიან გამიხარდა, ძალიან კარგი ჯგუფია”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოში მომავალ წელს ლეგენდარული ამერიკული ბენდი Aerosmith-ი კონცერტს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ჯგუფის ვებ-გვერდზე ვრცელდება. ჯგუფის ინფორმაციით, კონცერტი 20 მაისს, „ბლექსი არენაზე“ გაიმართება. „აეროსმიტი“ საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და საქართველოს გარდა, კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამართავს.