კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ თბილისის საკრებულოს ღია წერილით მიმართავს

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს ღია წერილით მიმართავს. ცენტრის განცხადებით, დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში, კერძოდ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტის ფარგლებში, საბიუჯეტო პროგრამით „ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება“ დაუსრულებელი 4 კოოპერატიული კორპუსისთვის გამოყოფილი იყო 5 მილიონი ლარი, თუმცა, საფინანსო წელიწადი ისე სრულდება, რომ ამ მიმართულებით პროგრამის თანხები არ გახარჯულა.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები, საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით წარმოშობილ ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულია საშინაო ვალად. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია არ მოხდეს ისე, რომ ასიგნება მხოლოდ სიმბოლურად აისახოს ბიუჯეტში, როგორც გასულ 2014, 2015 და 2016 წლებში.