რა ხარვეზები აქვს გაკოტრების კანონმდებლობას საქართველოში?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგარემოს განვითარება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა პირველ რიგში სასამართლო სისტემის რეფორმირებით არის შესაძლებელი.

ფრანსუა პეჰშომ გამორჩეული ყურადღება მიაქცია გაკოტრების კანონს, რომელიც მისი თქმით, გადასახედია. ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ჩატარებული რეფორმების მიუხედავად, გაკოტრების კანონმდებლობას რეფორმები არ შეხებია, რის გამოც ეს სფერო ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. სხვათა შორის, ეს Doing Business-ის 2017 წლის ანგარიშშიც არის ხაზგასმული. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. კრიტერიუმი, რომელშიც საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა აქვს მინიჭებული და 106-ე ადგილზე იმყოფება, სწორედ გაკოტრების კანონმდებლობაა.

ამ შეფასებას ბიზნესის წარმომადგენლებიც იზიარებენ. როგორც კომპანია „ისტ გეით ჯგუფის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი ამბობს, გაკოტრების კანონმდებლობა საქართველოში შესაცვლელი და დასახვეწია.

“ამ კანონის უმოქმედობით მე თვითონაც ვარ დაზარალებული. წლების განმავლობაში მომხმარებელს კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა ჩემი ერთ-ერთი კომპანიის - „ჯორჯიან პეტროლიუმის“-ს მიმართ. გიორგი კოდუას კომპანიამ ისარგებლა გაკოტრების კანონის მთელი „სიკეთით“ და ვალი უკან აღარ დაგვიბრუნა. ჩემი აზრით, ის სპეციალურად აგროვებდა დავალიანებებს, თანხას დროულად არ იხდიდა, ამის შემდეგ ჩვენი კომპანია გაკოტრების რეჟიმში გადავიდა, დაინიშნა გაკოტრების მმართველი და ეს პროცესი 2007-2008 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ეს არის დაუსრულებელი პროცესი, რომლის გამოც ჩემმა კომპანიამ ძალიან დიდი ზარალი განიცადა”, - აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.

„ისთ გეით ჯგუფის“ ხელმძღვანელის შეფასებით, ფულის ამოღების მექანიზმი გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიისთვის არ არსებობს. არადა საქართველოში კომპანიები უმეტესწილად კრედიტით მუშაობენ.

„ეს ჩვეულებრივი ბიზნესურთიერთობაა და კომპანიები, რომლებსაც დავალიანების გადახდა არ სურთ, ხშირ შემთხვევაში სწორედ გაკოტრების კანონმდებლობას იყენებენ. ამის გამო საქართველოში არაერთი კომპანიაა მოტყუებული და „გადაგდებული“, მათ შორის ვართ ჩვენც. გაკოტრება მთელ მსოფლიოში მიღებული, აპრობირებული პროცესია და თუ სახელმწიფოში არსებობს კომპანიები, რომლებსაც ვალდებულებების შესრულება არ შეუძლიათ, ისინი ეკონომიკურ სივრცეს უნდა ჩამოშორდნენ. გაკოტრების კანონის სწორად ამოქმედება ეკონომიკურ სიტუაციას გააჯანსაღებს. დღევანდელი კანონმდებლობა კი, გაკოტრების პროცესს შეუძლებელს ხდის. ეს არის კანონი, რომლის გამოც კეთილსინდისიერი კომპანიები ზარალდებიან, ხოლო არაკეთილსინდისიერმა მოთამაშემ შეიძლება აღნიშნული კანონი ძალიან კარგად გამოიყენოს. არა მხოლოდ ჩვენ, სხვებიც იყვნენ და არიან ასეთ დღეში. ეს სიმახინჯეა - არ შეიძლება ერთი კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების გამო მეორეს სერიოზული პრობლემები შეექმნას. გაკოტრების კანონმდებლობამ ბიზნესი სწორედ ასეთი რისკებისგან უნდა დააზღვიოს“, - აღნიშნავს ირაკლი იაშვილი.

ამ თემის შეფასება „ბიზნესპრესნიუსმა“ კომპანია BDO-ს მმართველ პარტნიორს ზურაბ ლალაზაშვილსაც სთხოვა.

„ გაკოტრების კანონმდებლობის უპირველესი პრობლემა ვადებია: საქართველოში საქმის წარმოება ძალიან გაწელილია და ეს ხშირად არის გამოწვეული სასამართლოს გადატვირთულობით. საბოლოო ჯამში გაკოტრების პროცესი დროში იწელება და ბოლო არ უჩანს. ასევე მნიშვნელოვანი ხარვეზია კრედიტორების ნაკლები ჩართულობა პროცესში: ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად აქვთ მათ ხელმისაწვდომობა ინფორმაციასთან და რამდენად დაცულები არიან ისინი, გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანია სამართლიანად გადაანაწილებს თუ არა აქტივებს, რომ კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილოს და პირიქით - კრედიტორების მიერ დაგროვილი დავალიანება დროულად დაიბრუნოს. ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც არიან პირები, რომლებსაც გაკოტრების საქმის წარმოება ევალებათ - მათ სასამართლო ნიშნავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი ამ პირების საქმიანობით - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომელიც ხელს უშლის გაკოტრების საქმის ეფექტიანად წარმართვას საქართველოში“, - აღნიშნავს ზურაბ ლალაზაშვილი.

მისი თქმით, როდესაც კომპანიას კრედიტორების დაკმაყოფილება არ შეუძლია, ასეთი კომპანია გაკოტრების რეჟიმში უნდა გადავიდეს, მაგრამ ვიდრე ამ რეჟიმში გადავა, სხვადასხვა პროცედურები უნდა დაიცვას. სამწუხაროდ, ყველა ეს პროცესი დროშია გაწელილი და არაეფექტიანია.

„ცალკე პრობლემაა, როდესაც კომპანებს განვადებით აქვთ წაღებული პროდუქცია, გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიის ვალი აქვთ და არ უხდიან. ამიტომ, როდესაც კომპანია შემდგომი გადახდის პრინციპით მუშაობს, მისი ფინანსური გამჭვირვალობა აუცილებელია - ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს კომპანია სანდოა. პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ გაკოტრებულ კომპანიას ბევრი კრედიტორი რჩება, პრობლემა ის არის, რომ ეს კომპანიები არ არიან ვალდებულნი თავიანთი ინფორმაცია გამოაქვეყნონ. ვიღაცები ამით სარგებლობენ და საერთოდ უარყოფენ კრედიტორთა ინტერესებს. გაკოტრების რეჟიმი იმიტომ არსებობს, რომ გაუგებრობისგან ორივე მხარე დაიცვას, მაგრამ საქართველოში ეს მექანიზმი უმოქმედოა“, - აღნიშნავს ზურაბ ლალაზაშვილი.

ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, დროის გაწელვაზე არანაკლები პრობლემა კვალიფიკაციაა: „ბიზნესდავების წარმოების კვალიფიკაცია ჩვენს სასამართლოს ძალიან დაბალი აქვს. სწორედ ეს ორი საკითხია მოსაგვარებელი - ყველაფერი კვალიფიციურად და სწრაფად უნდა გადაწყდეს. ბიზნესი წლობით არ უნდა ელოდეს სამართალს. ამისათვის კი, გაკოტრების კანონმდებლობა უნდა მოქმედებდეს. მე აბსოლუტურად ვეთანხმები თვალსაზრისს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება და გაკოტრების კანონმდებლობის მოწესრიგება უკეთესობისკენ შეცვლის ბიზნესგარემოს“, - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე