ზაზა ხუციშვილი - ძირითადი პროდუქტები ისე არ გაძვირებულა, როგორც ლარი გაუფასურდა

"ქართული ოცნების" წევრი ზაზა ხუციშვილი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. 

როგორც ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა,  ჟურნალისტმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგო და რეალურად ლარის გაუფასურებაში დადებითი ტენდეცია ექსპორტიორებს შეეხებოდა.

„იმ ადამიანებს, ვისაც სესხი დოლარში აქვს, რა თქმა უნდა, უმძიმესი მდგომარეობა აქვს. ის, რომ ადამიანები იმპორტზე არიან დამოკიდებულები, დოლარით ყიდულობენ თავის პროდუქტს და შემდეგ ლარში ყიდიან, რა თქმა უნდა ეს პრობლემურია.

თუმცა აქ საუბარი ექსპორტიორზე იყო. სხვათა შორის, ერთი სიტყვა ჟურნალისტმა არასწორად გაიგო, შემდეგ დავურეკე და ვთხოვე, რომ ჩემი ჩანაწერი კარგად მოესმინა. დამირეკა და მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა, ბოდიშიც მომიხადა.

ეს ეხებოდა იმას, რომ იმ პროცენტით, როგორითაც ლარი გაუფასურდა, ასეთი პროცენტით პროდუქტი არ გაძვირებულა. მან გაიგო, რომ არც ერთი პროცენტით პროდუქტი არ გაძვირებულა. ჩვენ თუ შევადარებთ ლარის ვარდნის პროცენტულ მაჩვენებელს, ვნახავთ, რომ ძირითადი პროდუქტები, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებული ისე არ გაძვირებულა, როგორც ლარი გაუფასურდა.

როდესაც პროდუქტი ისე არ ძვირდება, როგორც ლარი უფასურდება, ეს იმპორტიორისთვის გარკვეულ სტიმულს ქმნის", - განაცხადა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემა „360 გრადუსში“.

"ქართული ოცნების" წევრმა გუშინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლარის გაუფასურებას  აქვს ხოლმე, როგორც წესი, სხვა ეფექტიც.

"მაგალითად, საქართველოდან გარე ვაჭრობა გაზრდილია 18%-ით ამ წელს შარშანდელთან შედარებით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ დოლარით უფრო მეტი ლარი მოსდით ადამიანებს ანუ პროდუქტს უფრო მეტს ყიდულობენ... ეს დადებითი ეფექტიც აქვს ამას და არ ვიცი, ამას გულისხმობდა თუ არა, მაგრამ ეს მომენტი არსებობს. როცა ადამიანი 1000 დოლარით 2400 ლარს იღებს, ჩვენთან ნაყიდი პროდუქტი ექსპორტზე გასატანი მას უფრო მომგებიანად უჯდება”, - აღნიშნა ხუციშვილმა.