"ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში" საქართველო თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა

Freedom House-ის 2016 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველო 25 ქულით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

მსოფლიოს 65 ქვეყნიდან ინტერნეტის მხრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის სულ 17 ქვეყანა დასახელდა.

ინდექსის ავტორები შეფასებისას სამ ძირითად კრიტერიუმს გამოყოფენ ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, კონტენტზე ცენზურა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა.

აღნიშნულ კრიტერიუმებში საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით 8 ქულით შეფასდა, კონტენტზე ცენზურით - 6, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მხრივ - 11 ქულით.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველომ პოზიცია ერთი ქულით გაიუმჯობესა.

ინდექსის თანახმად, საქართველოში კონტენტზე ცენზურა არცერთი შინაარსის მასალაზე არ ვრცელდება.

როგორც ინდექსის ავტორები აღნიშნავენ, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება ზედიზედ მეექვსე წელია მცირდება.

„ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი - 67% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობის, სამხედრო მოსამსახურეთა და ქვეყნის მმართველი ოჯახის კრიტიკა ცენზურას ექვემდებარება“, - ნათქვამია ინდექსში.