როგორ ცხოვრობენ საქართველოში ეკომიგრანტი ქალები

30 წლის წინ დარეჯან ჯაიანი იძულებული გახდა მთელი ოჯახით ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში გადასახლებულიყო.

აჭარელი ქალი უკვე სამი ათეული წელია კახეთში ეკომიგრანტია და დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში ცხოვრობს.

დარეჯან ჯაიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ყვება, რომ საკუთარი სოფლისა და კარ-მიდამოს დატოვება გაუჭირდა, თუმცა გაუთავებელმა წყალდიდობებმა და ზვავებმა იძულებული გახადა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. მათთან ერთად საკუთარი სახლები თითქმის სამასამდე ოჯახმა დატოვა.

„ხულოს რაიონი სოფელი ხიხაძირიდან ვართ, იქ დავიბადე და გავიზარდე. 30 წლის წინ კი სამთწყაროში ოჯახთან ერთად ჩამოვედი და ცხოვრება ახლიდან დავიწყე. რა თქმა უნდა, ასე შორს წამოსვლა არ გვინდოდა, მაგრამ ფინანსების გამო იძულებული გავხდით ასე შორს წამოვსულიყავით. სხვა გამოსავალი არ გვქონდა“, - აღნიშნა ჯაიანმა.

აჭარიდან ჩამოსვლის შემდეგ ოჯახმა ცხოვრება ნულიდან დაიწყო, შეისყიდეს სახლი და გაარემონტეს, ასევე გააშენეს ვენახი. როგორც ჩვენთან საუბარში დარეჯან ჯაიანი აცხადებს, მეურნეობის გამართვის შემდეგ ცხოვრება გაუმჯობესდა, თუმცა მეურნეობის მოშლის შემდეგ ყველაფერი უკან-უკან წავიდა, რადგან სოფელში სარწყავი წყლები არ არის.

„სიდას“ და ადგილობრივი თვითმართველობის მიერ სოფელში სასმელი წყლის ქსელი მოწესრიგდა, თუმცა სარწყავი წყლები ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

„ჩვენი შემოსავლის ძირითად წყაროს მეურნეობა წარმოადგენდა. თუმცა სარწყავი წყლის არარსებობის გამო საერთოდ ერთი მარცვალი ყურძენი არ მოგვიკრეფია. გასულ წელსაც იგივე იყო“, - ამბობს ეკომიგრანტი ქალი.

ამჟამად სოფელში დარეჯანი და მისი ქმარი დარჩნენ, ერთი შვილი თბილისში, მეორე კი ბათუმში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ უკან დაბრუნების იმედი გადაეწურა, დარეჯანი აჭარაში დაბრუნებაზე დღემდე ოცნებობს.

„გადავწყვიტე, რომ უკან დაბრუნების შანსი არ მქონდა. თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ წავიდე. ერთი კორპუსი რომ დაგვიფინანსონ და ყველა ვინც წამოსულები ვართ, იქ ერთად შევიდეთ. უკან დაბრუნება მირჩევნია, რადგან ცხოვრება აქაც რთულია“, - აცხადებს ჯაიანი.

ლიკა ამირაშვილი