”დონალდ ტრამპის განცხადებები არ შეეხება ქართველ ემიგრანტებს”

დონალდ ტრამპის განცხადებები არ შეეხება ქართველ ემიგრანტებს. 

ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ ”პალიტრანიუსის” თოქ-შოუში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი აშშ-ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დებატების არსს წავიკითხავთ და პრობლემას გავეცნობით, მივხვდებით, რომ საპანიკო არაფერია.

”მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი ქართველი იმყოფება ამერიკაში, ვერ დადგინდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ყველაზე დიდი ტალღა ამერიკაში 90-იანი წლების პერიოდში წავიდა. მაშინ კი არანაირი სტატისტიკა არ იწარმოებოდა. თუმცა თანხობრივი გზავნილებით ჩვენ დაახლოებით შეგვიძლია გამოვთვალოთ ქართველი დიასპორების რაოდენობა ამერიკაში", - აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

მისი თქმით, ამერიკაში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თავის დღის წესრიგში ჰქონდა თუ როგორ მოუვლიდა არალეგალურ ემიგრაციას.

"თუ ტრამპისა და მისი გუნდის განცხადებებს მოვისმენთ, ისინი საუბრობენ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც კრიმინალთან და ნარკოტიკებთან პირდაპირ არიან დაკავშირებულები, ასეთი დახლოებით 2-დან 3 მილიონამდეა. სწორედ ამ ხალხის დეპორტაციაზე ან მათ დაპატიმრებაზეა საუბარი. სახელმწიფოს, რომელსაც ქვეყანაში კრიმინალის შემოდინებაზე ამხელა პრობლემა აქვს, რაღაც ზომები უნდა მიიღოს. ეს საერთოდ არ ეხება ემიგრანტებს, რომელიც წყნარად მუშაობენ და ცდილობენ თავისი სტატუსის ლეგალიზებას”, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ ”პალიტრანიუსის” თოქ-შოუში „360 გრადუსი“.