ავჭალის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ავჭალის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა. როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან, ლიბანის ქუჩის პირველ შესახვევსა და სარაჯიშვილის #7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა 50-მდე ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დარგეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სკვერში ხეების დარგვა მცენარეების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა. ახლად დარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ნერგების დარგვა, რაიონის მასშტაბით, კიდევ არაერთ სკვერში იგეგმება.

ქალაქის მერის დავით ნარმანიას, განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა არის დაგეგმილი. საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.