ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 %-ით გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საქსტატის ცნობით, 2016 წლის ოქტომბერში 2016 წლის სექტემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით ინდექსი 1,9 პროცენტით შემცირდა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით დაფიქსირდა ინდექსის 23,7 პროცენტიანი ზრდა.

2016 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასები 1,3 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 1,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (1,5 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (3,2 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით და შესაბამისად, სექციამ 0,19 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 2,7 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -2,21 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები შემცირდა ქიმიური წარმოების (-20,9 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-6,6 პროცენტი) ქვესექციებზე; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და, შესაბამისად, სექციამ 0,56 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.