ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება გაჯერებულია ტყუილებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ლარის გაუფასურების მიზეზებს აღწერს და შემდგომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე მიგვითითებს, ტყულია და აბსოლუტურად ბუნდოვანია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს მთავრობას თავი დაანებოს ტყუილებს და ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს, შეწყვიტონ შიდა ვალების აღება და გადადგას ნაბიჯები ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისკენ, რომელიც მათ მავნებლურ ნაბიჯებს გაანეიტრალებს.

„სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად ის ხდება, რაზეც წლებია მთავრობას ვაფრთხილებთ, რომ ბიუჯეტის ასეთი უყაირათო ხარჯვა, შიდა ვალების აღება, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ქვეყანას ასეთ სავალალო შედეგებამდე მიიყვანდა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის განცხადება. ის გაჯერებულია ტყუილებით და არაკომპეტენტური მოსაზრებებით. მანამდეც არაერთი ტყუილი მოგვისმენია. გაგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში, როდესაც ლარი მკვეთრად დაეცა, კვირიკაშვილმა და ხადურმა „ქამრების შემოჭერის“ პროგრამა გამოაცხადეს, მაგრამ არაფერი ამ მიმართულებით არ გაკეთებულა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, ეკონომიკური ზრდა მნიშვენლოვანია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მთავრობაში მოვიდა, ეკონომიკური ზრდა განულებულია.

ამიტომ, დღესაც ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, თავი დაანებოს ტყუილებს და ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს, ბიუჯეტი ყაირათიანად ხარჯოს, შეწყვიტოს შიდა ვალების აღება და გადადგას ნაბიჯები ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისკენ, რომელიც მათ მავნებლურ ნაბიჯებს გაანეიტრალებს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მან ასევე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსზე.

„მინდა დეტალურად გავყვე იმ პუნქტებს რაზეც განცხადებაშია საუბარი.

ამბობენ, რომ მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციაა. დაგვისახელონ სად ხდება ეს?! არ შეიძლება განცხადებაში მთავრობამ თქვას რაღაც, რასაც ვერ ასაბუთებს. ეს ტყუილია. როცა აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილია სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით, უნდა შევხედოთ საქტატის მონაცემებს, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა. აქ აღნიშნულია, რომ ექსპორტი 7%-ით შემცირებულია. მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს რომ ექსპორტი უნდა წახალისდეს, ექსპორტი მცირდება. იმპორტიც მცირდება. თვითონ საქტატიც ამბობს, რომ თუ გამოვაკლებთ C ჰეპატიტს სამკურნალოდ ნაჩუქებ მედიკამენეტებს, იმპორტი შემცირებულია 2%-ით. ანუ ის, რომ თითქოს იმპორტი გაიზარდა და ამის გამო მეტი ვალუტა გადის, ტყუილია.

საუბრობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.

რა განცხადება გააკეთა 2015 წელს პარლამენტში კვირიკაშვილმა, როცა 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა? ახსენეს ქამრების შემოჭერა? ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება? ფუფუნების საგნებზე უარის თქმა? და რა გააკეთეს? შედეგი ნულია.

ისინი ერთი და იმავეს ამბობენ და რეალურად არაფერს აკეთებენ. მათ არ იციან მდგომარეობიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნონ”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.