ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია ნატანებში ინტენსიურად მიმდინარეობს

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში" საწარმოს ხელმძღვანელთან დავით სიხარულიძესთან ერთად ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, აღნიშნულ საწარმოში ამ დროისთვის ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

„წელს გურიაში გაცილებით მეტი ციტრუსის მოსავალი მოვიდა ვიდრე გასულ წელს. საწარმო უკვე მესამე დღეა, რაც ადგილობრივებისგან ციტრუსს იბარებს და დღეის მდგომარეობით, მიღებულია 300 ტონა. კომპანია მოსახლეობას სამუშაო ყუთებითაც უზრუნველყოფს. მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი მონაცემებით, ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია" და სხვა საწარმოები მოსახლეობისგან ციტრუსს შეუფერხებლად იბარებენ და შესაბამისად, ამ მიმართულებით გურიის რეგიონში პრობლემები არ იქნება“, - განაცხადა გია სალუქვაძემ.

"ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია" 2013 წელს გაიხსნა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600,000 აშშ დოლარის სესხი აიღო. საწარმოში ციტრუსის გადამამუშავებელ-დამხარისხებელი ხაზები და პროდუქციის შესანახი მაცივარ-საწყობი მოეწყო. დაემატა პლასტმასის ყუთების წარმოების ახალი ხაზი. ციტრუსის დამუშავება უმაღლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება. ჯამში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანია მიმდინარე სეზონზე 5 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავებას და ექსპორტს გეგმავს. საწარმოში დასაქმებულია 300-მდე ადგილობრივი მოსახლე. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და დსთ-ს ქვეყნებში ხდება.