”პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა ეფექტიანი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა”

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა , - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვალებადობა, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის მოსახლეობას და შესაბამისად, დღეს ეს არის ის პრიორიტეტული თემა, რომელზეც ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.

"ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას",- განაცხადა მიშველაძემ.