მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 31 755,6 მილიონი ლარი შეადგინა

დაზუსტებული მონაცემებით, 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 31 755,6 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 31 755,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8,9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,9 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია მრეწველობის (16,8 პროცენტი) და ვაჭრობის (16,7 პროცენტი) სექტორებს. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,3 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (9,1 პროცენტი), მშენებლობა (7,9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (22,4 პროცენტი), მშენებლობა (13,5 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (10,2 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,0 პროცენტი).

კლება აღინიშნა დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში (2,4 პროცენტი).