"განათლების სისტემას კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა ბევრი რამ საფუძველშივეა შესაცვლელი"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობას გეგმავს , - ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც მომავალ შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ჯეჯელავას თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, პოსტზე რჩება. განათლების მინისტრმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

”პრემიერი სანამ არ წარადგენს და პარლამენტი სანამ არ დაამტკიცებს, 100%-იანი დარწმუნება ვერ გვექნება, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, პოსტზე ვრჩები. ვგეგმავ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სამინისტროში ვიმუშავო. ძალიან შორს მიმავალი გეგმებია. ძალიან ბევრი რამ საფუძველშიც შესაცვლელია. მოგეხსენებათ, ჩვენს განათლების სისტემას სხვადასხვა დროს კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისეთი ვითარებაა, როცა საფუძველშივე არის რაღაცები შესაცვლელი. ამას ფართო საზოგადოების ჩართულობაც დასჭირდება. ძალიან ბევრი სამსჯელო და სანერვიულო საკითხი იქნება, რომელიც ქართველებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ თავისი მომავალი თაობის განათლებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ჯეჯელავამ.