ევროკავშირის საბჭო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დროულად დასრულდეს

ევროკავშირის საბჭო საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე საუბრობს.

აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის საბჭო ხაზს ინფორმაციაში უსვამს, რომელსაც ის გუშინ გამართულ სხდომასთან დაკავშირებით ავრცელებს.

სხდომაზე აღმოსავლეთ-პარტნიორობის პროგრამა იყო განხილული, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირის საბჭომ კვლავ დაადასტურა დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კონკრეტულ ფორმატს.

ამასთან, საბჭო მიესალმა რიგის სამიტზე შეთანხმებული ვალდებულებების იმპლემენტაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც პარტნიორმა ქვეყნებმა მიაღწიეს და ხაზს უსვამს რეფორმების პროცესის გაგრძელების ვალდებულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლასა და საჯარო მართვაში.

„საბჭო მიესალმება საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას.

საბჭო ხაზს უსვამს საქართველო და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასრულების მნიშვნელობას.

საბჭო მხარს უჭერს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. კონფლიქტების გადაჭრა, ნდობის მოპოვება და კარგი მეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვანი ფაქტორებია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა თავისი პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.