EIMA-ის ფარგლებში, საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის (EIMA) ფარგლებში, იტალიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტს , მასიმო გოლდონსა და ამავე ფედერაციის საერთაშორისო ბაზრების მენეჯერს, ფაბიო რიცის შეხვდა.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოში აგრარულ დარგში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა წარმოების შესაძლებლობებზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობა, რათა მათ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ქვეყანაში შემოტანა და მათი გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ ცოდნის მიღება შეძლონ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბის ფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს აგრარული სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გავხადოთ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სამთავრობო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლთა სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებული განვითარების ტენდენციები და პრობლემები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - EIMA 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2016 წელს, გამოფენაზე 40 ქვეყნიდან ყველა სახის სამეურნეო და სამებაღეო სამუშაოებისთვის ტექნიკის 50,000 მეტი მოდელი იყო წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე გამოფენაზე (EIMA) წარმოდგენილ სტენდებზე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და გამოფენილი ტექნიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.